კინოხელოვნება (ბერძნულად kineo – „ვმოძრაობ~") არის ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.
კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის და სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.
კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება.
მუნჯი კინო
კინოხელოვნების საწყისი ეტაპი. XIX ს. 90-იან წლებში ინგლისელმა რობერტ პოლმა, გერმანელებმა - ძმებმა სკლადნოვსკებმა, რუსებმა - აკიმოვმა და სამარსკიმ, აგრეთვე სხვა ქვეყნების გამომგონებლებმა მოძრავი ფოტოსურათების სადემონსტრაციო მრავალი აპარატი შექმნეს, თუმცა პირველობა მაინც ფრანგებს - ძმებ ლუმიერებს დარჩათ, რომელთა მიერ შექმნილ აპარატს სინემატოგრაფი უწოდეს. თანდათანობით უმჯობესდებოდა და იხვეწებოდა კამერები. მალე მრავალ ქვეყანაში საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ კინემატოგრაფს, მაგრამ განსაკუთრებული ადგილი მაინც ფრანგულმა კინომ დაისაკუთრა. ჟორჟ მელიესმა (კინემატოგრაფიის მამამთავარმა, რეჟისორმა, მსახიობმა, მხატვარმა-კარიკატურისტმა, გასართობი ატრაქციონების კონსტრუქტორმა) ოთხასზე მეტი ფილმი გადაიღო, რომლებშიც ეკრანზე ხორცი შეასხა იმ დროისათვის ყველაზე თამამ ფანტაზიასაც კი. მსოფლიო კინოხელოვნება აღმავლობის გზას დაადგა, გაფართოვდა თემატიკის, ტექნიკური შესაძლებლობების თვალსაზრისით, მაგრამ კვლავ რჩებოდა უხმოდ. კინომცოდნეთა ერთი ნაწილის აზრით, მუნჯ კინოს აქვს თავისი კანონები, თავისი ესთეტიკა, გამომსახველობითი ხერხები, საშუალებები და ის ფაქტი, რომ იგი არ იყო ხმოვანი, მის ღირსებადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, რაზეც მეტყველებს მისი საუკეთესო ნიმუშები. მეორენი დღესაც მიიჩნევენ, რომ მუნჯი კინო თავიდანვე ისწრაფვოდა ფერისა და ხმისაკენ, რაზეც მეტყველებს მუნჯი ფილმების დემონსტრირება დეკლამატორის კომენტარებით ან მუსიკალური თანხლებით. ერთი რამ ცხადია, რომ მუნჯი კინოს პერიოდმა მყარი ნიადაგი შექმნა კინოხელოვნების შემდგომი განვითარებისათვის. მუნჯი კინოს ბრწყინვალე წარმომადგენელი იყო გენიალური ჩარლი ჩაპლინი. ფილმებს მისი მონაწილეობით დღესაც დიდი ინტერესით ადევნებს თვალს მაყურებელი.
No comments:
Post a Comment